14 ივნისი
მესამე სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”

2019 წლის 5-6 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმს სახელწოდებით “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”, რომელიც ეძღვნებოდა სამოციქულო ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილეს. მსმენელს შორის, სიმპოზიუმს საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ წმ. საყდრის ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტენკური და საქართველოში პოლონეთის ელჩის მეუღლე და პოლონური ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონო მალგორჟატა ვიერჟოვსკა.

სიმპოზიუმის დასაწყისში აუდიტორიას მიესალმა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო რომელმაც სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს ისტორიაში კათოლიკე მოღვაწეების მიერ შეტანილი წვლილის გახსენების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მისასალმებელ სიტყვაში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ.

პირველი სესია გაიხსნა მამა გაბრიელე ბრაგანტინის მოხსენებით “სამოციქულო ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილე”, სადაც ისეთ აქტუალურ კითხვებზე იყო გაცემული პასუხები როგორიცაა: როდის დაარსდა ჩვენი ადმინისტრაცია? რას ნიშნავს სამოციქულო ადმინისტრაცია? რატომ სამოციქულო ადმინისტრაცია და არა თბილისის ეპარქია, რა განსხვავებაა ადმინისტრაციასა და ეპარქიას შორის და მსგავსი. პროფესორმა მურმან პაპაშვილმა განსხვავებული მიდგომა წარმოადგინა სულხან-საბა ორბელიანის საფრანგეთში ვიზიტზე მოხსენებაში “რა მიზნით სურდა სულხან-საბა ორბელიანს საფრანგეთის მისიონის დაარსება საქართველოში?”, გამოჩენილი პოლონელი მხატვრის, ზიგმუნტ ვაშილევსკის მოღვაწეობაზე ისაუბრა პროფესორმა გენრიეტა იუსინსკაიამ, ხოლო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა გულიკო მჭედლიძემ წარმოადგინა  გამოუქვეყნებელი მასალები ქუთაისში მოღვაწე იტალიელი მღვდლების შესახებ.

სიმპოზიუმის მეორე სესია საბაუნის პროფესორმა, ნუგზარ ბარდაველიძემ გახსნა მოხსენებით “ ძმათა მცირეთა კაპუცინთა ორდენი და საქართველო”, სადაც დასაბუთებით აღნიშნა, რომ საქართველოში მოღვაწე მისიონერთაგან მხოლოდ კაპუცინთა ორდენის მოღვაწეობის კვალია უწყვეტ ხაზად. ჟურნალში “ბედი ქართლისა” დაბეჭდილ სტატიაზე ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა, ქუთაისის სახელმწიფო ისოტირული მუზეუმის თანამშრომელმა, მარიამ მარჯანიშვილმა, სადაც კარგად ჩანდა სტამბოლში არსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის პრობლემები. ისტორიკოსმა, დავით მერკვილაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა არქანჯელო ლამბერტის ნაშრომში “წმიდა კოლხეთი” აღწერილი საქართველოს ძველი ისტორიის შესახებ.

სიმპოზიუმის მესამე სესია დაეთმო ორ მომხსენებელს, სოციოლოგ თამარ ჩარკვიანს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარს, ირაკლი ფერაძეს. თამარ ჩარკვიანმა გამოყო  საზოგადოებაში ქათველი კათოლიკეების შესახებ არსებული დისკურსი, ხოლო ირაკლი ფერაძემ ისაუბრა კათოლიკე მისიონერების მიერ ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილის შესახებ.

სიმპოზიუმის მეორე დღე დაიწყო საბაუნის პროფესორის, ნუგზარ პაპუაშვილის მოხსენებით “ფრიდრიხ პაროტი ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის შესახებ 1829 წელს”, სადაც ისაუბრა გერმანელი ბუნებისმეტყველის, ექიმის და მთამსვლელის ფრიდრიხ პაროტის საქართველოში მოგზაურობასა და მის მიერ დატოვებული ქუთაისის და იმდროინდელი კათოლიკე ეკლესიის შესახებ ინფორმაციაზე. სიმპოზიუმზე მოწვეულები იყვნენ იტალიელი მომხსენებლები, ისტორიკოსი, ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც ისაუბრა მის მიერ დაწერილ წიგნზე “ქართველები იტალიაში” და ალესანდრო ბიკი, რომელმაც  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკე ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ქართველი კათოლიკე მეცენატებისა და საზოგადო მოღვაწეების, ძმები ზუბალაშვილების უშუალო შთამომავალმა, თინათინ კოკოჩაშვილმა ისაუბრა ზუბალაშვილების ღვაწლზე ქართველი ერის ისტორიაში და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ბევრი შენობა დღეს ფაქტობრივად უკვალოდ გამქრალია.ქალბატონი თინათინ კოკოჩაშვილის მოხსენება ძირითადად ეყრდონობა პროფ. ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ წიგნს ზუბალაშვილების ღვაწლზე (წიგნი მეორე), რომელიც უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება. საქართველოში კათოლიკე მისიების პროსოპოგრაფიული ბაზის შექმნაზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მაია დამენიამ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბაზის მიზანია დაადგინოს თუ რა სახის ბარიერებს, მათ შორის ენობრივ, რელიგიურ, სამართლებრივსა თუ პოლიტიკურს უქმნიდნენ საქართველოს მაშინდელი ოფიციალური გამგებლები, ჯერ მუსულმანური თურქეთი და სპარსეთი, შემდეგ კი მართლმადიდებლური რუსეთი.

მეორე დღის მოხსენებების დასასრულს, დაინტერესებული პირებისათვის მოეწყო საქართველოში არსებული კათოლიკური ორგანიზაციების, საქართველოს კარიტასისა და წმ. კამილოს სარეაბილიტაციო ცენტრის ექსკურსია-დათვალიერება. ორივე ორგანიზაცია საქველმოქმედოა და მთლიანად მიმართულია საქართველოს შეჭირვებული და სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის.

საქართველოს კარიტასი, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს საქართველოში აერთიანებს 7 სოციალურ პროექტს, მათ შორის უფასო სადილს სოციალურად დაუცველი უფროსებისა და ბავშვებისათვის, შინმოვლა (ჩავარდნილი ავადმყოფებისათვის), დედათა და შვილთა ცენტრი, დღის ცენტრი ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისათვის, სადაც ბავშვებს სასკოლო მასალის გარდა უტარდებათ  დამატებითი გაკვეთილები, უცხო ენებში, ხელოვნებაში (ხატვა, ქარგვა, ხელსაქმე, ხის დამუშავება….) სხვა აქტივობები, რომლებიც მოზარდების განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა აქვთ სხვადასხვა პროფესიის შემსწვალელი მოკლე ვადიანი  კურსები მოწყვლადი ფენებისათვის, განსაკუთრებით მარტოხელა დედებისათვის, იმისათვის რომ შეძლონ დასაქმება და შვილების რჩენა.

რაც შეეხება წმ. კამილოს ცენტრს, ის აერთიანებს მრავალპროფილურ პოლიკლინიკას და დღის სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელც ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.

სიმპოზიუმი მესამე წელია რაც ტარდება და მისი მიზანია საქართველოში მოღვაწე კათოლიკეების  ღვაწლის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიამდე მიტანა. სიმპოზიუმის დროს წაკითხული მოხსენებები გამოქვეყნდება კრებული სახით.