1-5 ივლისს, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, შორენა პარუნაშვილი Erasmus+ ის პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც საქმიანი შეხვედრები ჰქონდა მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შორენა პარუნაშვილი: „ერთი კვირის მანძილზე მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ფრანგ კოლეგებთან, ერთმანეთს გავუზიარეთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსთან, ბატონ ფრანკ ვიოლეტთან შეხვედრისას განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და გზები, ასევე ვისაუბრეთ ჩვენი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და მათში პარტნიორობის როლზე. ჩვენდა სასიხარულოდ, უნდა აღვნიშნო, რომ საბაუნი ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის VIP პარტნიორების სიაშია, რაც ჩვენ თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდი სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელს და წამოვიღე სასიამოვნო სიახლეები. მიმდინარე აკადემიური წლიდან საბაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ ისწავლონ ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის ბიზნესის, თეოლოგიისა და სამართლის ფაკულტეტებზე. ეს სამივე სფერო უნივერსიტეტის ძლიერი მიმართულებებია და ვიმედოვნებ, ბევრი სტუდენტი ისარგებლებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობით.
Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობით ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაზე გადავიდა და მომავალში ბევრი ახალი ერთობლივი პროექტი გველის წინ“.
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი საბაუნის სტრატეგიული პარტნიორია და Erasmus+ KA107 ICM პროგრამით 2018-2019 წლიდან ვთანამშრომლობთ, ამ პროექტის ფარგლებში საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა, ნელი გოგინავა და მარიამ კუტალაძემ უკვე გაიარეს ერთი სემესტრი, ხოლო მომავალი სემესტრიდან კიდევ ერთ სტუდენტს მიეცემა შანსი მოიპოვოს Erasmus+ გრანტი და ისწავლოს საფრანგეთის ამ ულამაზეს ქალაქში. გარდა სტუდენტებისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა როგორც საბაუნიდან ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ასევე, პირიქით.
საბაუნი Erasmus+ KA107 ICM პროგრამაში 2015-2016 სასწავლო წლიდან მონაწილეობს და ამ დროის განმავლობაში ათეულობით სტუდენტმა და პერსონალმა მიიღო მონაწილეობა მასში.