27 ნოემბერი
საბაუნის ადმინისტრაცია სტამბულის ქართველთა სავანეში

2019 წლის 22-23 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტამბოლს სტუმრობდა სადაც ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა მსოფლიო პატრიარქთან, მის უწმიდესობა ბართლომესთან და ფერიქოეს ქართველ კათოლიკეთა სავანეში, ზაზაძეების ოჯახთან.

სტამბოლის ცენტრალურ უბანში (ფერიქოე) მდებარე კათოლიკეთა სავანეს საბაუნის დელეგაცია 22 ნოემბერს ეწვია, სადაც დაგვხვდნენ  სიმონ ზაზაძის შვილები, პოლ, პაულინა და ნატალი ზაზაძეები. შეხვედრის დასაწყისში პოლ ზაზაძემ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატა ჩვენთან  შეხვედრის გამო და მოკლედ გაგვაცნო ქართული სავანის ისტორია, არსებული პრობლემები და გამოწვევები. „მე და ჩემი დები, ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს პატივი გავაგრძელოთ ჩვენი პაპის მიერ დაწყებული საქმე და ვიზრუნოთ ამ საგანძურზე რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. პაპაჩემმა (პავლე ზაზაძემ) და მამაჩემმა (სიმონ ზაზაძემ) უზარმაზარი შრომა გასწიეს, რათა დღემდე შემოენახათ სავანის  ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე ათას უძველეს წიგნსა და ხელნაწერს ითვლის. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ამჟამად ვაკეთებთ ჩვენთან დაცული წიგნების გაციფრულებას, რომელიც მომავალში ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის.“ პოლ ზაზაძემ მოგვითხრო თუ რა მძიმე პირობებში უწევდათ ამ სავანის შენარჩუნება მის პაპას და მამას, რომ ზოგჯერ ხელნაწერების დამალვაც უწევდათ, იმისათვის რომ სახელმწიფო მოხელეებს არ გაენადგურებინათ ისინი. “მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ჩვენ დღემდე უვნებლად შემოვინახეთ ეს საგანძური და ეს ნამდვილად ღვთისმშობლის დამსახურებაა, რომლის მფარველობასაც ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ“-აღნიშნა პოლმა.

საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მიღებისა  და ქართული სავანის პატრონობისათვის, რომელსაც ზაზაძეების ოჯახი წლების მანძილზე ეწევა. „მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა რამდენჯერმე მომენახულებინა ქართული ტაძარი და  შევხვედროდი ბატონ სიმონ ზაზაძეს, უნდა აღვნიშნო რომ, რამდენჯერაც აქ მოვდივარ, ყოველთვის სიამაყისა და აღფრთოვანების გრძნობა მეუფლება, რამეთუ, ვგრძნობ ჩვენი წინაპრების დიად ღვაწლს. დიდი ბედნიერებაა უშუალო წინაპრების ნაკვალევის მონახულება და გაცნობა. დიდი მადლობა თქვენ ამ უზადო საქმისათვის და თავდადებისათვის, რასაც ქართველი ხალხისათვის აკეთებთ. მინდა გამოვთქვა ჩვენი მზაობა და მხარდაჭერა თქვენს საქმიანობაში, თქვენს გვერდით გვიგულეთ როგორც შეგვიძლია და მოხარულები ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს უნივერსიტეტში“.

სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს ასევე საბაუნის დამფუძნებელმა და კავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ და საბაუნის პროფესორმა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ლურდის ღვთისმშობლის ეკლესიას (ყოველი წლის 11 თებერვალს, ლურდის ღვთისმშობლის დღესასწაულზე) და აღავლენენ წირვა-ლოცვას

უნივერსიტეტის თანამშრომლებს საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა წიგნადი ფონდიც, რომელშიც ათასობით წიგნი და ხელნაწერი ინახება ქართულ, ფრანგულ, იტალიურ, ბერძნულ, ლათინურ, სლავურ, თურქულ და სხვა ენებზე (სულ 17 ენაზე), მათ შორის არის 1670 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ენის გრამატიკა შედგენილი მღვდელი ფრანცისკო მარია მაჯოს მიერ და სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“. აქვე ინახება მე-19, მე-20 საუკუნეების ქართული ჟურნალ-გაზეთები საფრანგეთსა და საქართველოში დაბეჭდილი და სავანის  სტამბაში დაბეჭდილი წიგნებიც, ძირითადად სასწავლებისათვის საჭირო მასალა (სტამბა მოქმედებდა 1870 წლიდან).

არქივის მონახულების შემდეგ, მოვინახულეთ ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და მასთან არსებული მონასტერი, რომელშიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა გიორგობისადმი მიძღვნილი წმ. წირვა.

 

მონასტრის და სავანის მოკლე ისტორია ასეთია: ეკლესიის დამაარსებელი, კათოლიკე მღვდელი მამა პეტრე ხარისჭირაშვილი დაიბადა 1818 წელს ახალციხეში. 24 წლისა პეტერბურგში ეკურთხა მღვდლად, მასწავლებლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1857 წელს სალოცავად წავიდა საზღვარგარეთ, ლოცულობდა იერუსალიმის, იტალიის წმიდა ადგილებში. 1859 წელს მოვიდა სტამბოლში და დაიწყო ზრუნვა ეკლესიის ასაშენებლად. ამავე წელს მიიღო რომის პაპის ნებართვა სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების შექმნისა. საზოგადოება იურიდიულ უფლებას ვერ მიიღებდა, რომ არ ჰქონოდა სამონასტრო ადგილი. საარქივო მასალებიდან ცნობილია, რომ ვიღაც კეთილშობილ კაცს ამ საზოგადოებისათვის შეუწირავს 1230 არშინი მიწა ბინისა და სამლოცველოს ასაშენებლად. შემდეგ მამა პეტრეს თავისი მოწაფეებთან ერთად ამაზე სამჯერ მეტი მიწა შეუძენია. 1863 წელს მამა პეტრეს მიერ დაწერილი ანდერძიდან ცნობილია, რომ სავანის მიწა, სამლოცველო, უძრავ-მოძრავი ქონება, მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოების ყველა წევრის, კათოლიკე მრევლის საკუთრებას წარმოადგენს.

1861 წელს მამა პეტრემ საძირკველი ჩაუყარა წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას და სავანეს, სადაც იგი გარდაიცვალა 1890 წლის 9 ოქტომბერს. მისი გული დღემდე შენახულია სპეციალურ სპირტიან ქილაში. დასაფლავებულია ეკლესიის შიგნით. მამა პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე დააწესებინა.

1869-1871 წლებში მან დააარსა დედათა და მამათა მონასტერი, ქართულ-ფრანგული, ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები და ქართული სტამბა. სასწავლებელში, სასულიერო საგნების გარდა, ასწავლიდნენ ექიმობას, წამლების კეთებას, უცხო ენებს და მასწავლებლობას. ამ სკოლაში აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერებები და მწერლები მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, ივანე გვარამაძე, ბენედიქტე ვარდიძე და სხვები.

ფერიქოეს ქართული სავანე იყო არა მარტო სასულიერო დაწესებულება, არამედ დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის. 1911 წელს აქ დაარსდა ქართული კლუბი, სადაც იმართებოდა შეხვედრები, საღამოები, თითო შეხვედრას 150 ზე მეტი ქართველი მაინც ესწრებოდა. ფერიქოეს სავანე იყო ქართველთა მშობლიური კერა, საიმედო თავშესაფარი. 1921 წლიდან საქართველოდან აქ ჩამოდიოდა ბოლშევიკების მიერ დევნილი ბევრი ქართველი საფრანგეთში ჩასვლამდე. სამ თვეს აქ ცხოვრობდნენ ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ საქართველოდან ემიგრაციაში წასული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის წევრები, ნოე ჟორდანიას მეთაურობით.

სავანის მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით მამა - შვილს პავლე და სიმონ ზაზაძეს. პავლე ზაზაძე წარმოშობით ახალციხელი იყო, სოფელ უდედან. 1913 წელს მღვდელმა ბენედიქტე ვარდიძემ წამოიყვანა იგი სტამბოლში, ფერიქოეს მონასტრის სასწავლებელში სამღვდელოდ მოსამზადებლად. მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ცხოვრება აირია. ბევრი ქართველი მოსწავლე გერმანიაში წაიყვანეს სასწავლებლად, მაგრამ პავლე სტამბოლში დარჩა, ვაჭრობა შეისწავლა და ცნობილი პიროვნება გახდა. 1966 წლიდან, როცა მონასტერი დაცარიელდა, ბოლო მონაზონიც გარდაიცვალა, პავლე ზაზაძემ ითავა ფერიქოეს ქართველთა სავანის პატრონობა, იგი ღრმად მოხუცებულიც კი დადიოდა ეკლესიაში და მზრუნველობას არ აკლებდა ამ წმინდა ადგილს. მისი გარდაცვალებიდან - 1989 წლიდან, მამის ანდრეძისამებრ ამ კეთილშობილურ საქმე გააგრძელა მისმა შვილმა, სიმონ ზაზაძემ. დღეისათვის წინაპრების საქმეს სიმონის ვაჟი, პოლ ზაზაძე უდგას სათავეში თავის დებთან, პაულინა და ნატალი ზაზაძეებთან ერთად.