28 ნოემბერი
შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან

23 ნოემბერს საბაუნის თანამშრომლები ოფიციალური აუდიენციით მიიღო მსოფლიო პატრიარქმა, მისმა უწმიდესობა ბართლომემ, ეკუმენური პატრიარქის ფანარის რეზიდენციაში.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი არის ადგილი სადაც თანამშრომლობენ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები, განსაკურებით კათოლიკეები და მართლმადიდებლები. „ძალიან მიხარია თქვენს უნივერსიტეტში ასეთი ერთობა და თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ძმებთან, კათოლიკეებთან, ეს არის ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი. მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან მსოფლიო საპატრიარქოსთვის რომის კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით არსებული გამოწვევებისა და ვნებათაღელვების ფონზე, ჩვენ, ქრისტიანული ეკლესიები უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავამოწმოთ ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტება მთელი სამყაროს წინაშე. 

მე პიროვნული სიმპათიებიც გამაჩნია ჩვენს ძმებთან კათოლიკეებთან, რამეთუ სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი რომში, იეზუიტ მამებთან ერთად აღმოსავლეთ ქრისტიანობის ფაკულტეტზე და დავიცავი ჩემი სადოქტორო ხარისხი კანონიკურ სამართალში, ვემზადებოდი, რათა მესწავლებინა ხალკის სასწავლებელში, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ეს სასწავლებელი არ ფუნქციონირებს. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პაპ ფრანცისკესთან, რომელთანაც ხშირად მიწევს შეხვედრა და საუბარი დღევანდელობისათვის აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სოციალური და გარემოს დაცვითი საკითხები. მის ერთ-ერთ წერილში „Laudato si”პაპი წერს მსოფლიო საპატრიარქოს ღვაწლსაც გარემოს დაცვით საკითხებში“.

მსოფლიო პატრიარქი ასევე შეეხო ქართველებისა და ბერძნების ურთიერთობას  უძველესი დროიდან და ცალკე აღნიშნა საქართველოს პატრიარქის, მის უწმიდესობა ილია მეორესადმი პატივისცემა და ძმური სიყვარული.  „ილია მეორე, არის ძალიან ნათელი პიროვნება არა მხოლოდ ქართველი ერისათვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსათვის“ -აღნიშნა მან. მან აქვე გაიხსენა მისი ვიზიტი საქართველოში ორი ვიზიტი საქართველოში და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან ასევე დიდი სურვილი და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა სტამბოლში ქართული სათვისტომოს დაფუძნებისა და იქ ქართველი მღვდლის მოღვაწეობის შესახებ, მსგავსად რუსული, რუმინული და ბულგარული სათვისტომოებისა.

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა საბაუნის თანამშრომლებს გადასცა ახლად გამოსული მისი წიგნის „შეხვედრა საიდუმლოსთან“, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა და თან დასძინა „ამ წიგნს გჩუქნით არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩემი დაწერილია, არამედ იმიტომ, რომ აქ გადმოცემული პოზიცია წარმოადგენს მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას, გთხოვთ, გაეცნოთ და გაავრცელოთ თქვენს გარემოცვაში, რადგან ვიცი რომ რიგ საკითხებში მცდარი შეხედულება არსებობს მსოფლიო საპატრიარქოს შესახებ“.

საბაუნის დამფუძნებელმა და ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ როგორც საბაუნის დამფუძნებლისათვის მეტად მნიშვნელოვანია კათოლიკე და მართლმადიდებელი ძმების და დების ჰარმონიული თანამშრომლობა „ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია შევქმნათ თავისუფალი ადგილი/სივრცე, სადაც ყველას შეეძლება განვითარდეს როგორც პროფესიულად, ასევე სულიერად განურჩევლად რელიგიური/კონფესიური აღმსარებლობისა. ჩვენ გვინდა ვიყურებოდეთ წინ და არ შევჩერდეთ აწმყოზე, იმ პატარა მოვლენებზე რაც ირგვლივ ხდება დღეს. ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს უკავშირდება და გვსურს გთხოვოთ თქვენი კურთხევა ჩვენი მომავალი ერთობლივი საქმიანობისათვის“.

შეხვედრის დასასრულს საბაუნის რექტორმა და დამფუძნებელმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მსოფლიო პატრიარქს.

ფანარის რეზიდენციის შემდეგ, საბაუნის თანამშრომლები ეწვივნენ ხალკის კუნძულს, სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, წმ. სამების სახელობის მონასტერი (IX საუკუნე) და ასევე ხალკის სასწავლებელი (1841 წელი) უმდიდრესი ბიბლიოთეკით. ამ რეზიდენციაში წლების მანძილზე იმართებოდა და ახლაც იმართება სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები და სინოდის სხდომები.

სტამბოლში ვიზიტი საბოლოო ჯამში მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ირმა წულაია, საბაუნის ადამიანური რესურსების მენეჯერი ასე აფასებს ამ ვიზიტს: „ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ვეწვიეთ მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმიდესობა ბართლომეს, რომელმაც გვიმასპინძლა თავის რეზიდენციაში და სიმბოლური საჩუქრებიც გადმოგვცა. ამავე დღეს მოვინახულეთ ჰალკის აკადემია, ჰეიბელიადას კუნძულზე, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა მაინც ძალიან საინტერესო იყო სასწავლო აუდიტორიების  და უძველესი ბიბლიოთეკის დათვალიერება, რომელშიც 45 000 -ზე მეტი წიგნი ინახება. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო დარბაზების დათვალიერება, სადაც იკრიბებოდა და ამჟამადაც იკრიბება წმინდა სინოდი.

ვფიქრობ, ჩვენმა ვიზიტმა სტამბოლში ძალიან წარმატებით ჩაიარა. საკმაოდ მცირე დროში მოგვეცა საშუალება ბევრი საინტერესო ადგილი დაგვეთვალიერებინა და სასარგებლო ინფორმაცია მიგვეღო.

მადლობა მინდა გადავუხადო  საბაუნის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის და ვიმედოვნებ მომავალშიც გვექნება საშუალება განვახორციელოთ მსგავსი ვიზიტები“.