12 ნოემბერი
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

2019 წლის 22-29 ოქტომბერს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში საბაუნის სტუმრობდა ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი, პროფესორი ელი აირულე, რომელმაც თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები პატრისტიკის მიმართულებით. პროფესორ აირულეს ლექციების მთავარი თემა იყო, VI-VII საუკუნეში მოღვაწე წმიდანის, მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ქრისტიანული ეკლესიებისათვის (როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ეკლესიებისათვის).

ფრანგ სტუმარს ლექციების გარდა შეხვედრები ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან, ვიცე რექტორთან და ფაკულტეტის დეკანთან, სადაც ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე. ერთ-ერთი ერთობლივი პროექტი, რომელიც დაიგეგმა არის მაქსიმე აღმსარებელისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია საბაუნისა და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტებს შორის. პროფესორ ელი აირულეს კვლევის თემა სწორედ მაქსიმე აღმსარებელის მოღვაწეობაა, შესაბამისად, იგი ძალიან მოხარული იყო ამ იდეით „მე, როგორც ამ წმიდა მამის ცხოვრების მკვლევარი, ძალებს არ დავზოგავ რათა ეს კონფერენცია გამოვიდეს საინტერესო, ჩავრთავ ამ სფეროში მომუშავე ყველა ჩემს ნაცნობს. ვფიქრობ, რომ ამ კონფერენციას სამეცნიერო ასპექტის გარდა ექნება კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგის მხარდამჭერი მნიშვნელობა. გარდა ამისა, ფაკულტეტის დეკანთან ვისაუბრეთ ამავე სფეროში აღმოჩენილი ხელნაწერის და მისი კომენტარების ერთობლივი გამოცემის საკითხზეც. რა თქმა უნდა სამომავლოდ განვიხილავთ სადოქტორო სწავლების სტუდენტების გაცვლასაც“ გაგვიზიარა შთაბეჭდილება პროფესორმა ელიმ.

Erasmus+ KA107 პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პერსონალის (აკადემიური და ადმინისტრაციული) მოკლე ვადიან მობილობას, რომელიც მიზნად ისახავს გარდა პროფესიული ზრდისა, კულტურათა გაცნობა დაახლოებას და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

თუ რა იყო მთავარი შედეგი ამ მობილობიდან, პროფესორმა აირულემ ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვის გამოცდილება და ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება დაგვისახელა.

„აკადემიური პერსონალის მობილობა ხელს უწყობს პედაგოგს შეიძინოს ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვის გამოცდილება. მე პირადად უკვე მზად ვარ ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსულ სტუდენტებისთვისაც ჩავატარო ლექციები ინგლისურ ენაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო მასპინძელი უნივერსიტეტის გულთბილი დახვედრა, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩემი უდიდესი სურვილი და უზრუნველყვეს ჩემი მგზავრობა დასავლეთ საქართველოში, სადაც მოვინახულე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადგილები: კაცხის კონცხი, სადაც მდებარეობს მაქსიმე აღმსარებელის სახელობის ეკლესია და მისივე საფლავი ცაგერში. ამ ვიზიტის წყალობით მე გაცილებით ახლოდან გავიცანი საქართველო და კარგად მესმის ევროპაში ქრისტიანობის ისტორიისათვის ამ ქვეყნის მნიშვნელობა. მე ასევე უკეთ გავაანალიზე ამ ქვეყნის გამოწვევები, რაც გამოიხატება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ძლიერ სწრაფვაში“.

ფრანგი პროფესორის ვიზიტი განხორციელდა საბაუნისა და ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტების ერთობლივი Erasmus+ KA107 პროექტით, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის მოხდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა. საბაუნი Erasmus+ KA107 პროექტებში ჩართულია 2015-2016 აკადემიური წლიდან და ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას.