29 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია, რომელთან შეხვედრას ესწრებოდნენ საბაუნის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
საპატიო სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, რომელმაც მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე და საქმიანობაზე „უნივერსიტეტი, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანძური, რომელიც ჩემი, როგორც დამფუძნებლის თვალთახედვით, უნდა იყოს ადგილი თავისუფალი აზრის, თანაზიარების და კულტურათა შორის ხიდის აგებისა“ -აღნიშნა დამფუძნებელმა და სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის რექტორს.
პროფ. ვაჟა ვარდიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად უნივერსიტეტში მობრძანებისათვის, „თქვენი მობრძანება განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენთვის, რაც გვეხმარება უკეთ გავიაზროთ ჩვენი გამორჩეულობა და განსაკუთრებული პასუხიმგებლობა“. თავის სიტყვაში რექტორმა რეგიონში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოყო ოთხი განზომილება, რომელშიც უნივერსიტეტი საკუთარ მისიასა და მნიშვნელობას იცნობიერებს, ესენია: ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებისაკენ სწრაფვა, ათეისტური საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა, ამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დახმარება, თანადგომა და კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობა და მეოთხე, ჩვენი, კათოლიკე ეკლესიისათვის თვითდამკვიდრება და იდენტობის განსაზღვრა. „ჩვენი უნივერსიტეტი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში სწორედ ქართული და ევროპული აკადემიური სივრცეების დაახლოებით და ამ ქვეყნისათვის კათოლიკე ეკლესიის საუნივერსიტეტო გამოცდილების შუამდგომლობით. (...) ეს ყველაფერი რთული და საინტერესო გზაა, რადგან ამ გზაზე მრავლის ბიოგრაფია შედგება როგორც ქრისტეს მოწმე და ქრისტეს ერთგული. ამ გზაზე ყოველი თანადგომა და მხარდაჭერა მნიშნელოვანია ჩვენთვის... თქვენი აქ მობრძანებაც ერთგვარი გამხნევებაა და ერთიანობის მოწმობაა ჩვენთვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. ილოცეთ ჩვენთვის!“ (რექტორის სიტყვა ვრცლად).
ქრისტიანულ კონფესიათა შორის ურთიერთობაზე და ამ დიალოგში საბაუნის როლზე გაამახვილა ყურადღება მისასალმებელ სიტყვაში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გოჩა ბარნოვმა. „2019-2020 წლები იმდენად დატვირთულია, საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების თვალსაზრისით, რომ, ცოტა არ იყოს და, მიჭირს კიდეც, რაიმე კონკრეტული მოვლენის გამოყოფა. ... ნება მიბოძეთ, მხოლოდ იმ ასპექტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რასაც, ჩემი აზრით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ემსახურება და რის შედეგსაც მომავალში უკეთ ვიხილავთ.
მოგეხსენებათ, რომ მცირე ხნის წინ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს გავაცანით სასწავლებელში შექმნილი გარემო, ისტორია, სასწავლო გეგმა და სხვა სახის დეტალები, იგი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა და აღნიშნა კიდეც, თუ როგორი მისასალმებელი და დასაფასებელია მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს, თეოლოგებსა და სტუდენტებს შორის არსებული ასეთი თბილი და პროდუქტიული გარემოს არსებობა, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა. ეს ყოველივე ცხადყოფს ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც კონფენსიათა შორის არსებული ერთგვარი ხიდის, მეგობრობის ნიმუშის იდეას“ აღნიშნა პროფესორმა. (პროფ. გოჩა ბარნოვის სიტყვა ვრცლად).
კარდინალმა მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და მისასალმებელ სიტყვაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ეს უნივერსიტეტი უნდა გახდეს დიალოგის ნამდვილი ლაბორატორია. დიალოგი ვისთან? პირველ რიგში, კულტურასთან, დიალოგი თანამედროვე კულტურასთან. (...) ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ გამორჩეული აკადემიურ-სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც ძირფესვიანად სწვდება მეცნიერულობის კრიტერიუმებს, რომ რწმენა და გონება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ისინი არ არიან დაპირისპირებულნი. და მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა პაპ ბენედიქტესა და პაპ ფრანცისკეს სიტყვებით „რწმენა და მეცნიერება არის ორი ფრთა, რომლებიც გვეხმარება ჭეშმარიტების მიღწევაში... ამ უნივერსიტეტმა (საბაუნიმ) უნდა გააგრძელოს დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია კულტურათა შორის დიალოგში“- დასძინა წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა და მსმენელებს პაპი ფრანცისკეს საშობაო მილოცვა და კურთხევა გადასცა. (კარდინალის სიტყვა ვრცლად)
დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა და წმ. საყდრის სახელმწიფო მდივანმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
შეხვედრის მსვლელობისას საბაუნის ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა ტრადიციული ქართული საშობაო საგალობელი.