31 იანვარი
ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

2019 წლის 16-20 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში ნიკოლაოს კოპერსნიკის ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორს, პიოტრ სიემიატკოვსკის უმასპინძლა, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები თემაზე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ფინანსური უსაფრთხოება ევროზონის გარეთ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა.   

ლექციების გარდა, პოლონელ პროფესორს შეხვედრები ჰქონდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. გოჩა ბარნოვთან და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. თამთა მიქაბერიძესთან. შეხვედრებზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების ორ ინსტიტუციას შორის, როგორც ერასმუს+ ის, ასევე სხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

„Erasmus+ პროგრამა ძალიან კარგი საშუალებაა ინსტიტუციების, კოლეგების და ერების ერთმანეთთან დასაახლოებლად, მე ამ მობილობით შევიძინე ახალი კოლეგები, რომლებთანაც უკვე დავგეგმეთ სამომავლო გეგმები. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მონაწილე პირების კარიერულ განვითარებას და ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს (სტუდენტების შემთხვევაში)“ - აღნიშნა მობილობის დასრულების შემდეგ პროფ. სიემიატკოვსკიმ.

თამთა მიქაბერიძე - „ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, პროფესორი სიემიატკოვსკის აქვს საკმაო დიდი გამოცდილება ეკონომიკის მიმართულებით და არის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედაქციის წევრი. მასთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტსა და ტორუნის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და უსაფრთხოების ფაკულტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება სამეცნიერო მიმართულებით, კერძოდ, საბაუნის განვითარების კვლევების ინსტიტუტსა და ტორუნის საერთაშორისო კვლევის ჟურნალს შორის კვლევითი მიმართულების გაძლიერებას, ასევე, ჩვენი პროფესურის ჩართვას სარედაქციო და შემფასებელ კოლეგიაში“.  

ვიზიტი ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვისაც, ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრისას დაიგეგმა ნიკოლაოს კოპერნიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტთან თანამშრომლობა.

საბაუნი ნიკოლაოს კოპერნიკის უნივერსიტეტთან 2018 წლიდან თანამშრომლობს, მიმდინარე ერასმუს+ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბაუნის პროფესორის მობილობა ტორუნის უნივერსიტეტში.