მესამე სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”

2019 წლის 5-6 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმს სახელწოდებით “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”, რომელიც ეძღვნებოდა სამოციქულო ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილეს. მსმენელს შორის, სიმპოზიუმს საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ წმ. საყდრის ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტენკური და საქართველოში პოლონეთის ელჩის მეუღლე და პოლონური ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონო მალგორჟატა ვიერჟოვსკა.

სიმპოზიუმის დასაწყისში აუდიტორიას მიესალმა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო რომელმაც სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს ისტორიაში კათოლიკე მოღვაწეების მიერ შეტანილი წვლილის გახსენების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მისასალმებელ სიტყვაში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ.

პირველი სესია გაიხსნა მამა გაბრიელე ბრაგანტინის მოხსენებით “სამოციქულო ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილე”, სადაც ისეთ აქტუალურ კითხვებზე იყო გაცემული პასუხები როგორიცაა: როდის დაარსდა ჩვენი ადმინისტრაცია? რას ნიშნავს სამოციქულო ადმინისტრაცია? რატომ სამოციქულო ადმინისტრაცია და არა თბილისის ეპარქია, რა განსხვავებაა ადმინისტრაციასა და ეპარქიას შორის და მსგავსი. პროფესორმა მურმან პაპაშვილმა განსხვავებული მიდგომა წარმოადგინა სულხან-საბა ორბელიანის საფრანგეთში ვიზიტზე მოხსენებაში “რა მიზნით სურდა სულხან-საბა ორბელიანს საფრანგეთის მისიონის დაარსება საქართველოში?”, გამოჩენილი პოლონელი მხატვრის, ზიგმუნტ ვაშილევსკის მოღვაწეობაზე ისაუბრა პროფესორმა გენრიეტა იუსინსკაიამ, ხოლო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა გულიკო მჭედლიძემ წარმოადგინა  გამოუქვეყნებელი მასალები ქუთაისში მოღვაწე იტალიელი მღვდლების შესახებ.

სიმპოზიუმის მეორე სესია საბაუნის პროფესორმა, ნუგზარ ბარდაველიძემ გახსნა მოხსენებით “ ძმათა მცირეთა კაპუცინთა ორდენი და საქართველო”, სადაც დასაბუთებით აღნიშნა, რომ საქართველოში მოღვაწე მისიონერთაგან მხოლოდ კაპუცინთა ორდენის მოღვაწეობის კვალია უწყვეტ ხაზად. ჟურნალში “ბედი ქართლისა” დაბეჭდილ სტატიაზე ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა, ქუთაისის სახელმწიფო ისოტირული მუზეუმის თანამშრომელმა, მარიამ მარჯანიშვილმა, სადაც კარგად ჩანდა სტამბოლში არსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის პრობლემები. ისტორიკოსმა, დავით მერკვილაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა არქანჯელო ლამბერტის ნაშრომში “წმიდა კოლხეთი” აღწერილი საქართველოს ძველი ისტორიის შესახებ.

სიმპოზიუმის მესამე სესია დაეთმო ორ მომხსენებელს, სოციოლოგ თამარ ჩარკვიანს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარს, ირაკლი ფერაძეს. თამარ ჩარკვიანმა გამოყო  საზოგადოებაში ქათველი კათოლიკეების შესახებ არსებული დისკურსი, ხოლო ირაკლი ფერაძემ ისაუბრა კათოლიკე მისიონერების მიერ ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილის შესახებ.

სიმპოზიუმის მეორე დღე დაიწყო საბაუნის პროფესორის, ნუგზარ პაპუაშვილის მოხსენებით “ფრიდრიხ პაროტი ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის შესახებ 1829 წელს”, სადაც ისაუბრა გერმანელი ბუნებისმეტყველის, ექიმის და მთამსვლელის ფრიდრიხ პაროტის საქართველოში მოგზაურობასა და მის მიერ დატოვებული ქუთაისის და იმდროინდელი კათოლიკე ეკლესიის შესახებ ინფორმაციაზე. სიმპოზიუმზე მოწვეულები იყვნენ იტალიელი მომხსენებლები, ისტორიკოსი, ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც ისაუბრა მის მიერ დაწერილ წიგნზე “ქართველები იტალიაში” და ალესანდრო ბიკი, რომელმაც  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკე ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ქართველი კათოლიკე მეცენატებისა და საზოგადო მოღვაწეების, ძმები ზუბალაშვილების უშუალო შთამომავალმა, თინათინ კოკოჩაშვილმა ისაუბრა ზუბალაშვილების ღვაწლზე ქართველი ერის ისტორიაში და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ბევრი შენობა დღეს ფაქტობრივად უკვალოდ გამქრალია.ქალბატონი თინათინ კოკოჩაშვილის მოხსენება ძირითადად ეყრდონობა პროფ. ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ წიგნს ზუბალაშვილების ღვაწლზე (წიგნი მეორე), რომელიც უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება. საქართველოში კათოლიკე მისიების პროსოპოგრაფიული ბაზის შექმნაზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მაია დამენიამ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბაზის მიზანია დაადგინოს თუ რა სახის ბარიერებს, მათ შორის ენობრივ, რელიგიურ, სამართლებრივსა თუ პოლიტიკურს უქმნიდნენ საქართველოს მაშინდელი ოფიციალური გამგებლები, ჯერ მუსულმანური თურქეთი და სპარსეთი, შემდეგ კი მართლმადიდებლური რუსეთი.

მეორე დღის მოხსენებების დასასრულს, დაინტერესებული პირებისათვის მოეწყო საქართველოში არსებული კათოლიკური ორგანიზაციების, საქართველოს კარიტასისა და წმ. კამილოს სარეაბილიტაციო ცენტრის ექსკურსია-დათვალიერება. ორივე ორგანიზაცია საქველმოქმედოა და მთლიანად მიმართულია საქართველოს შეჭირვებული და სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის.

საქართველოს კარიტასი, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს საქართველოში აერთიანებს 7 სოციალურ პროექტს, მათ შორის უფასო სადილს სოციალურად დაუცველი უფროსებისა და ბავშვებისათვის, შინმოვლა (ჩავარდნილი ავადმყოფებისათვის), დედათა და შვილთა ცენტრი, დღის ცენტრი ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისათვის, სადაც ბავშვებს სასკოლო მასალის გარდა უტარდებათ  დამატებითი გაკვეთილები, უცხო ენებში, ხელოვნებაში (ხატვა, ქარგვა, ხელსაქმე, ხის დამუშავება….) სხვა აქტივობები, რომლებიც მოზარდების განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა აქვთ სხვადასხვა პროფესიის შემსწვალელი მოკლე ვადიანი  კურსები მოწყვლადი ფენებისათვის, განსაკუთრებით მარტოხელა დედებისათვის, იმისათვის რომ შეძლონ დასაქმება და შვილების რჩენა.

რაც შეეხება წმ. კამილოს ცენტრს, ის აერთიანებს მრავალპროფილურ პოლიკლინიკას და დღის სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელც ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.

სიმპოზიუმი მესამე წელია რაც ტარდება და მისი მიზანია საქართველოში მოღვაწე კათოლიკეების  ღვაწლის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიამდე მიტანა. სიმპოზიუმის დროს წაკითხული მოხსენებები გამოქვეყნდება კრებული სახით.

სრულად
ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2019 წლის 13-18 მაისს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე Erasmus+ KA107 პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული მობილობით  იმყოფებოდა იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა პოლონელ კოლეგებთან: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფ. ელენა ჟუკოვსკასთან შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, როგორც ერასმუს+ ით, ასევე ერთობლივი პროექტების ფარგლებში. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის სახეებზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.

პროფ. თამთა მიქაბერიძეს საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ასევე ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული ღია უნივერსიტეტის დირექტორთან,   გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანი გახლდათ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით  ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

საბაუნის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს, 2015-2016 სასწავლო წლიდან Erasmus+ KA107 პროექტი ყოველ წელიწადს და მრავალი ერთობლივი პროექტი.

სრულად
პროექტ STAR ის შემაჯამებელი შეხვედრა

Erasmus+ KA2 პროექტი “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” დასასრულს უახლოვდება, ამასთან დაკავშირებით 2019 წლის 3-7 ივნისს  ჩატარდა პროექტის რიგით მე-7 სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროექტის შეჯამება, შედეგების გაზიარება/პრეზენტაცია, დასკვნითი ანგარიშისათვის მომზადება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების სახელმძღვანელო ინგლისურ, ქართულ და ჩინურ ენებზე (პასუხისმგებელი რუსეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი), დაფუძნდა პარტნიორ უნივერსიტეტებში (საქართველოს და ჩინეთის) უწყვეტი განათლების ერთეულები და ჩატარდა ტრენინგები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის (პასუხისმგებელი კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია), შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სახელმძღვანელო და თითოეული უნივერსიტეტის გამოცდილება სწავლების მეთოდებზე (ვიდეო ლექციები, რეკომენდაციები), ასევე, საშუალება ექნება ფორუმის რეჟიმში მიიღოს დამატებითი ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისაგან (პასუხისმგებელი საქართველოს უნივერსიტეტი). სწორედ, პროექტის შედეგებს მიეძღვნა 4 ივნისს გამართული დასკვნითი კონფერენცია, სადაც თითოულმა უნივერსიტეტმა წარადგინა პროექტის მთავარი პროდუქტის იმპლემენტაციის შედეგები.

შეხვედრების ბოლო დღეს პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სადაც სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე და ვიცე რექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა. ჩინელ და ჩეხ კოლეგებს შეხვდნენ ასევე ფაკულტეტის დეკანები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პროექტის შეხვედრას, რომელსაც უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა, ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: მასარიკის უნივერსიტეტი (კოორდინატორი, ჩეხეთი), კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დანია), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი), საბაუნი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩინეთის ხუთი უნივერსიტეტი,

პროექტი მესამე წელია რაც მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულდება.

სრულად
საბაუნის სტუდენტები ბაქოში სტუდენტურ კონფერენციაზე

2 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და უცხო ენათა ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა მესამე სტუდენტური კონფერენცია თემაზე „თანამედროვე ამერიკული პროზა“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანული მხრიდან თამილა მირზაევა (ცენტრის დირექტორი) და ალექსანდრა ჯაპაროვა და ქართული მხრიდან - თამთა ყალიჩავა (სულხან-საბა ორბელიანის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვეული), შორენა გოგიაშვილთან (უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელი) და ვერიკო ხუციშვილთან  (საბაუნის მოწვეული ლექტორი) თანამშრომლობით. ამერიკული ლიტერატურის გარდა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს მშობლიური მწერლებიც გააცნეს.

კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები: ალმაზ მელიკოვა, ცნობილი კინომცოდნე, აუნურ ქაზანფარ ქიზი - ფოლკლორისტი, ლეილი ალიევა, ცნობილი მთარგმნელი.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო გეგმები: ამავე ფორმატის კონფერენციების გამართვა სხვა ქვეყნების ჩართულობით.

კონფერენციათა ციკლი უკვე მესამე წელია იმართება ზედიზედ და მისი მიზანია ქვეყნებს შორის კულტურული ხიდის გადება და თანამშრომლობის გაღრმავება.  პირველი კონფერენცია ჩატარდა 2018 წელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, როდესაც აზერბაიჯანელი სტუდენტები სტუმრობდნენ საქართველოს, მეორე კონფერენციასაც საბაუნიმ უმასპინძლა მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრზე. მესამე კონფერენციას ბაქომ უმასპინძლა და ქართველი სტუდენტების სტუმრობდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქს.  

სრულად
პროექტ STAR ის დასკვნითი კონფერენცია

2019 წლის 4 ივნისს, ჩატარდა Erasmus+ KA2 პროექტ “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” (STAR) დასკვნითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა პროექტში ჩართული ყველა მონაწილე უნივერსიტეტი.

ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოტე თოფურია, ერასმუსის ეროვნული ოფისისი დირექტორი, ლიკა ღლონტი, რომელთაც ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მეთოდების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის აუცილებლობასა და საჭიროებაზე, უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების ქართველ კოლეგებთან გაზიარების მნიშვნელობაზე.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ პროექტის მიზნებზე, მსვლელობასა და შედეგებზე ისაუბრეს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა: ივანა მაროვამ (მასარიკის უნივერსიტეტეი, ჩეხეთი) შეაჯამა პროექტის ზოგადი მიზნები და განხორციელებული აქტივობები, ცვეტელინა ჰარაჩკევამ (რუსეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი) ისაუბრა პროექტის ფარგლებში შედგენილ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელოზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორთაგანია, ხოლო ტერეზა პესოამ და სილვია ნოლანმა (კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია) ტრენერთა ტრენინგზე და უწყვეტი განათლების ცენტრის დანიშნულებაზე. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და მის გამოწვევებზე ისაუბრა ჯონი ბალთეზარმა (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია)

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პარტნიორი უნივერსიტეტების პრეზენტაციებს, სადაც ჩინურმა და ქართულმა უნივერსიტეტებმა ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის საჭიროებასა და გამოწვევებზე. საბაუნის პროფესორმა, ეკა ნაცვლიშვილმა წარადგინა საბაუნის პრეზენტაცია სადაც ვრცლად ისაუბრა პროექტის შედეგებზე, პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორც შიდა აუდიტორიისათვის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვის პროცესსა და გამოწვევებზე.

დასკვნითი კონფერენცია პროექტის რიგით მეშვიდე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით.

პროექტი “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” 2016 წლიდან დაიწყო და მიმდინარეწლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო, ტრენინგ მოდული და ტრენინგები ჩაუტარდათ აკადემიურ პერსონალს.

სრულად
რექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე უნგრეთში

2019 წლის 10-12 მაისს, საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებში მდგრადობის შენარჩუნება“, რომელსაც მასპინძლობდა პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი).  

კონფერენციის თემიდან გამომდინარე, მოხსენებების მთავარი თემა იყო მდგრადობა როგორც სამეცნიერო კუთხით, ასევე, პაპის ენციკლიკაზე „Laudato Si”დაფუძნებულ  მორალურ, სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში. დისკუსიებში გამოიკვეთა კათოლიკური უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობის საჭიროება საერთაშორისო კვლევით და გაცვლით პროექტებში.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადობის კუთხით საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკურ უნივერსიტეტებს შორის.  ასევე, გამოიკვეთა საინტერესო თემები მომავალი თანამშრომლობისთვის, როგორიცაა: ოჯახის შესახებ მეცნიერება, რელიგიათა შორის დიალოგი, ახალი ტექნოლოგიები და ბიო სამედიცინო პრინციპები, რომლებიც ეყრდნობა კათოლიკური ეკლესიის სწავლებას.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ამერიკის,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა), ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკია), იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), გრაზის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მთავარეპისკოპოსი მიხეილ ბლუმი (უნგრეთის სამოციქულო ნუნცი), უილიამ დონაჰუ, ნანოვიჩის უნივერსიტეტის დირექტორი და პროფ. შაბოლჩ შურომი, პეტერ პაზმანის უნივერსიტეტის რექტორი.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ პროფ. სუბჰას სიკდარი, ამერეკის ეროვნული რისკების მენეჯმენტის კვლევითი ლაბორატორიის ყოფილი დირექტორი (წინააღმდეგობები მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებში: რა, რატომ და როგორ?); პროფ. მიხეილ ნაროდოსლავსკი გრაზის ტექნიკური უნივერსიტეტიდან „მდგრადობის ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები“; პროფ. ჟელკო ტანჯიჩი ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი „მდგრადობის თეოლოგიური ასპექტები“, პროფ. ემოკე კორჟენსკი (გლობალური მდგრადობის ეთიკური იმპერატივები“ და პროფ. ჰერიბერტო კაბეზასი, პეტერ პაზმანის უნივერსიტეტში არსებული Laudato si' ინსტიტუტის და ბიოეთიკის ცენტრის წევრი (წყალი, საკვები და ენერგია).

აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და ყოველწლიურად იმართება. კონფერენციის ორგანიზატორია ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ) და მასთან არსებული ნანოვიჩის ევროპის კვლევების ინსტიტუტი.

მომდევნო კონფერენციას საბაუნი უმასპინძლებს 2020 წელს.

სრულად
ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

2019 წლის 30 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში არსებული  პროფესიული განვითარების ცენტრის ეგიდითა და ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“, რომელსაც ესწრებოდა თბილისის ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი. ტრენინგის პირველი ნაწილში ტრენერებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შესახებ, განსაკუთრებით აქცენტი გააკეთეს შემდეგ მეთოდებზე: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი. ტრენინგის მეორე ნაწილი ჯგუფში მუშაობას დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები. ტრენინგს უძღვებოდნენ საბაუნის პროფესორები, ეკატერინე ნაცვლიშვილი და გვანცა აბდალაძე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროექტში და მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ მოდულისა და სახელმძღვანელოს შემუშავებაში.

ტრენინგ მოდული „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ შემუშავდა ერასმუს+ აქტივობა 2 ის პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის (STAR)“  ფარგლებში, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილია ვრცელი ინფორმაცია თითოეული მეთოდის შესახებ, ასევე საუკეთესო გამოცდილების მაგალითები თითოეულ მეთოდთან მიმართებით. გარდა ამისა, პროექტით დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალისათვის პროფესიული კუთხით საინტერესო და საჭირო ტრენინგების შეთავაზება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

პროფესიული განვითარების ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის ტრენინგების შეთავაზებას, როგორც საბაუნის პერსონალის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის.

სრულად
საბაუნის რექტორის და ვიცე რექტორის სამუშაო ვიზიტი ანტვერპენში

2019 წლის 16-18 მაისს საბაუნის რექტორი, პროფ. ვაჟა ვარდიძე და ვიცე რექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ანტვერპენის უნივერსიტეტში, (ბელგია)  სადაც გაიმართა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის ( FUCE) გენერალური ასამბლეა მთავარი თემით „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“.

ორ დღიანი ასამბლეა სამი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველი ნაწილის თემა იყო „ევროპული სოციალური და პოლიტიკური განვითარება: მომავლის გამოწვევები“ სადაც მოხსენებები წაიკითხეს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სტივენ ვან ჰეკმა და ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ ვანდენბრუკმა.

სესიის მეორე ნაწილი მიეძღვნა ფედერაციის მიერ ახლად დაფუძნებული ინტერდისციპლინური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“ განხილვას. პროგრამის ხელმძღვანელმა, ანტვერპენის წმ. ეგნატეს სახელობის ცენტრის კოორდინატორმა და სასწავლო კურსების ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროგრამის პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია- განხილვა.

საგანმანათლებლო პროგრამის დაფუძნებით ფედერაცია ეხმაურება პაპი ფრანცისკეს მიერ წამოჭრილ კითხვას „თუ რა მოუვიდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ ჰუმანისტ ევროპას“.  შესაბამისად, ასამბლეაზე და საგანმანათლებლო პროგრამებში წამოწეულია შემდეგი პრობლემური საკითხები

„როგორ მოხდება იმ ღირებულებების რეინტეგრაცია, რომელსაც განიცდის ევროპული ჰუმანიზმი?

„რამდენად რელევანტურია ევროპული ჰუმანიზმი გლობალურ მსოფლიოსთან?“

„როგორ ვსწავლობთ ევროპულ ჰუმანიზმს და როგორ შეიძლება ისწავლებოდეს ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში?“

ასამბლეის მესამე ნაწილზე იმსჯელეს ევროპული ჰუმანიზმის მომავალზე, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს პირველი პრეზიდენტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი.

ასამბლეაზე ჩატარდა ფედერაციის პრეზიდენტის და ბორდის არჩევნები, რომლის მიხედვით მომავალ სამ წელს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ჩაიბარებს მაიკლ მიულენი, მეინუთის წმ. პატრიკის კოლეჯის პრეზიდენტი (ირლანდია).

„ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისში იტალიაში, ლუმსას უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საბაუნის ორი სტუდენტი: ხატია ხაფავა და მარიამ აბუაშვილი.

საბაუნი FUCE ს წევრი გასული წლის მაისში გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ასამბლეაზე გადაწყდა ასევე ფედერაციის მიერ დაწესებული სტიპენდიების მფლობელების საკითხიც, მიმდინარე წელს, საბაუნის სამი სტუდენტი მიიღებს სასწავლო გაცვლით სტიპენდიას და 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლის პარტნიორ უნივერსიტეტში (პოლონეთში).

სრულად
საბაუნის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე ვარშავაში

2019 წლის 9-10 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები ნინო პაპაჩაშვილი და  მარინე თავართქილაძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში (პოლონეთი), სადაც მონაწილეობა მიიღეს   მსოფლიო ეკონომიკის კოლეგიუმის მიერ ორგანიზებულ საერთშორისო კონფერენციაში   „მსოფლიო ეკონომიკა 2019 - ვისწავლოთ წარსულიდან და განვჭვრიტოთ მომავალი“.

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორებამ სხვადასხვა სექციაში მიიღეს მონაწილეობა.  კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის პროფესორების მიერ  წარდგენილმა მოხსენებებმა - „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტით“ (ნ. პაპაჩაშვილი), „საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები ექსპორტის მსგავსების პრიზმაში“ (თ. მიქაბერიძე), „არასატარიფო ბარიერები და საქართველოს გამოწვევები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში“ (მ. თვართქილაძე).

კონფერენციის ფარგლებში განისაზღვრა სამომავლო თანამშომლობის პერსპექტივები როგორც კვლევითი, ისე სასწავლო პროექტების მიმართულებით.

სრულად
პოლონელი პროფესორის საჯარო ლექციები

13-17 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში სტუმრობდა იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იაროსლავ მარჟევსკი, რომელმაც საჯარო ლექციები ჩაატარა სტუდენტებისათვის. ლექციების თემა იყო ტოლერანტობა ბიბლიის მიხედვით, სადაც მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის ნიმუშებზე ბიბლიის მიხედვით. გარდა ამისა, იაროსლავ მარჟევსკიმ მიმოიხილა ტოლერანტობის ისტორია ადრეულ, შუა და თანამედროვე ევროპაში. საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ვიზიტის ფარგლებში პოლონელი პროფესორი შეხვდა საბაუნის ადმინისტრაციას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. მობილობის დასრულების შემდეგ, ბატონ იაროსლავს ვთხოვეთ კომენტარი ვიზიტის შესახებ: „ჩემთვის საბაუნიში Erasmus+ მობილობა არის განვითარებისა და აკადემიური ჰორიზონტის გაღრმავების სინონიმი. ამასთანავე, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა გამეცნო ქვეყნის კულტურა, ქართველი ხალხი, მათი სტუმართმოყვარეობა და მომენახულებინა მშვენიერი ისტორიული ადგილები. ჩემი პირადი აზრით, Erasmus+ პროგრამის უდიდესი სარგებელია აკადემიურ სივრცეში ჩართული ადამიანების გაცნობა. შედეგად, ხდება მოსაზრებებისა და მიმდინარე აქტიურ თემებზე შეხედულებების გაცვლა/გაზიარება“.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015-2016 წლიდან არის ჩართული  Erasmus+ KA107 პროგრამაში, რომლის ფარგლებში ყოველ წელიწადს ხდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა პარტნიორ უნივერსიტეტებში.

სრულად

რჩეული სიახლეები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018
პარასკევი, 12 იანვარი 2018